მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამას „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მოხალისე ინგლისურენოვანი, ფრანგულენოვანი და გერმანულენოვანი მასწავლებლების ახალი ნაკადი შეუერთდა.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მოხალისე მასწავლებლებს ჩაუტარდებათ ინტერკულტურული კომუნიკაციის და ზოგადი მეთოდიკის ტრენინგები, რის შემდეგაც განაწილდებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში.
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად მოხალისე მასწავლებლები საპილოტე რეჟიმში განაწილდებიან პროფესიულ სასწავლებლებში და ასევე, შეასწავლიან უცხო ენას სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს.
უკვე ორი წელია პროგრამამ პოზიტიური ცვლილებები განიცადა. დაიხვეწა მოხალისე მასწავლებლების შერჩევის კრიტერიუმები. შერჩევისას უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება, გარდა ამისა, გაიზარდა მოხალისეების კონტრაქტის ვადები: მოხალისეები სრულ სასწავლო წელს ატარებენ სკოლაში, რაც ენის შესწავლის ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში საქართველოს ყოველწლიურად უცხოენოვან მოხალისე მასწავლებელთა რამდენიმე ჯგუფი სტუმრობს. მოხალისე მასწავლებლები ცხოვრობენ მასპინძელ ოჯახებში და დასაქმებულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც, უცხოური ენის ადგილობრივ მასწავლებლებთან და თემის სხვა წევრებთან თანამშრომლობით, აქტიურად ერთვებიან სასკოლო და სათემო ცხოვრებაში. უცხოელ კოლეგებთან ერთად ადგილობრივი უცხოური ენის პედაგოგები იმაღლებენ ენის ცოდნის დონეს, მოიძიებენ და ამუშავებენ მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე დამატებით მასალებს, ასევე, ეცნობიან და ნერგავენ ენის სწავლების თანამედროვე მეთოდებს.
|