მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორმა
გიორგი მაჩაბელმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა
ზედანიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმი მიზნად
ისახავს ცენტრისა და უნივერსიტეტის ერთობლივი სალაბორატორიო ბაზის გაძლიერებას და
მის გამოყენებას როგორც არსებული მასწავლებლების გადამზადების, კვალიფიკაციის
ამაღლების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების, ისე მაღალი კომპეტენციის
მქონე პედაგოგთა მომზადების პროცესში. ამისათვის ცენტრის ლაბორატორიების ნაწილი
უნივერსიტეტის ლაბორატორიებთან ერთად დროებით განთავსდება სპეციალურად
გამოყოფილ სივრცეში, სადაც წვდომა უფრო მეტ ბენეფიციარს ექნება, ეს კი ხელს შეუწყობს
მოქმედი მასწავლებლების, სტუდენტებისა და მეცნიერ-თანამშრომლების მიერ ერთობლივი პროექტების
დაგეგმვასა და განხორციელებას.
ზუსტ და
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ამ მიმართულებით იგეგმება მოქმედი მასწავლებლების გადამზადება და მასწავლებელთა
ახალი თაობის მომზადება, რაც „ზუსტ, საბუნებისმეტყველო და
საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რომელსაც ათასწლეულის
გამოწვევის ფონდი 15 მილიონამდე დოლარით დააფინანსებს.
|