მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების, მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლების გზით.
ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს სამი პრიორიტეტული მიმართულებით:
- პროფესიული სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის უზრუნველყოფა;
- უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სისტემის შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობა;
- განათლებისეროვნული პოლიტიკისა და ცენტრის სტრატეგიის მიერ განსაზღვრული მიზნობრივი პროგრამების დაგეგმვა-განხორციელება.
ცენტრის მისია
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მისიაა მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის პირობების შექმნა. ამისათვის ცენტრი წარმართავს მასწავლებლის პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავების მონაწილეობით პროცესს, უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების შემუშავება-დანერგვას, ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებს და ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული საქმიანობისა და განვითარების ღია სისტემის დამკვიდრებას.
ცენტრის საქმიანობის უმთავრესი მიდგომები
მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება - გადაწყვეტილებები მიიღება კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებისა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე.
ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება და დიალოგი - ცენტრი ორიენტირებულია საკუთარი საქმიანობის მუდმივ განვითარებაზე, ამისათვის იგი რეგულარულად იღებს უკუკავშირს, ჩართულია დიალოგში დაინტერესებულ პირებთან.
დეცენტრალიზაციაზე ორიენტაცია - განათლების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებულია სერვისების დეცენტრალიზაციის ხელშეწყობა. ამ პოლიტიკის კვალდაკვალ ცენტრი მაქსიმალურად ხელს უწყობს ისეთი გარემოს ფორმირებას, სადაც სკოლის, დაინტერესებული პირების, ინსტიტუტებისა და თავად მასწავლებელთა საზოგადოების მობილიზებითა და გაძლიერებით მოხდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი ეფექტიანი სერვისების მიწოდება.
სწავლა-სწავლებისა და პროფესიული განვითარების თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების ხელშეწყობა - ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვისა და გავრცელების ხელშეწყობა.
ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა - ცენტრი პასუხისმგებლობას იღებს დაგეგმილ შედეგებზე და უზრუნველყოფს შესაბამის ანგარიშგებას შიდა და გარე დაინტერესებული მხარეების წინაშე.
|