საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
გამოწვევაა მასწავლებლის პროფესიაში ახალგაზრდა,
კვალიფიციური, კადრების მოზიდვა და შენარჩუნება. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში
მიღებული ცოდნა და განსაკუთრებით, პრაქტიკისათვის განკუთვნილი მცირე დრო
არასაკმარისია იმისათვის, რომ დამწყებმა მასწავლებელმა შესაბამისი პროფესიული
უნარები შეიძინოს და განივითაროს.
ახალბედა მასწავლებლები, რომლებიც
საჭიროებენ მიზანმიმართულ პროფესიულ ხელშეწყობას, მოტივაციის ამაღლებასა და
პროფესიაში შენარჩუნებას, პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნებიან პროფესიული
განვითარების მრავალფეროვანი მხარდამჭერი აქტივობებით. მათ მიეცემათ შესაძლებლობა
შეიძინონ და განივითარონ მასწავლებლობისთვის საჭირო პრაქტიკული უნარები, მიიღონ
სკოლაში სწავლების გამოცდილება და მოიპოვონ მასწავლებლის შესაბამისი სტატუსი.
პროგრამის
მიზანია მოტივირებული და პრაქტიკაზე ორიენტირებული კადრის პროფესიული საჭიროების კვლევა,
მათზე ორიენტირებული პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობა.
პროგრამის
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს დამწყები (2 წლამდე პედაგოგიური
გამოცდილების მქონე) საქართველოს საჯარო სკოლის
მოქმედი მასწავლებლები, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებს ასწავლიან.
|