მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტმა, ლიდერობის მეორე აკადემიის ფარგლებში, 1872 სკოლის დირექტორისთვის,
ფასილიტატორებისა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებისთვის თანასწორობის საკითხებზე
ტრენინგები დაიწყო.
ტრენინგმოდული
მიზნად ისახავს, მონაწილეებმა გააცნობიერონ
STEM საგნების სწავლებასთან
დაკავშირებული გენდერული და სოციალური ბარიერები და არსებული სტერეოტიპები.
მონაწილეებმა უნდა შეძლონ ამ უთანასწორობის გამომწვევი მიზეზების ახსნა და შესაბამისი
სტრატეგიების შემუშავება მათი აღმოფხვრისა და პრევენციისთვის. ტრენინგმოდულის ნაწილი, ასევე, ეთმობა
სკოლაში ინკლუზიური გარემოში შექმნის საკითხებს. მონაწილეებმა უნდა შეძლონ
სკოლაში ინკლუზიური გარემოს გასაძლიერებლად მონიტორინგის მექანიზმის შექმნა და უზრუნველყონ
თანასწორი პირობები სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მოსწავლეებისათვის.
ტრენინგები
მონაწილეებს დაეხმარება შეძლონ საკუთარი
სკოლების დიაგნოსტირება გენდერული და სოციალური თანასწორობის კუთხით; სკოლაში არსებული უთანასწორობის პრობლემის
იდენტიფიცირება და ხელისშემშლელი მიზეზების გაანალიზება; სკოლაში თანასწორობის საკითხებზე საპრევენციო
სამუშაო გეგმის შედგენა; სკოლის ინკლუზიური გარემოს დიაგნოსტირებისათვის
კრიტერიუმების შექმნა და თვითშეფასება; სკოლაში ინკლუზიური გარემოს შექმნისას წარმოშობილი ბარიერების
იდენტიფიცირება და გაანალიზება; სწავლა-სწავლების
პროცესის ალტერნატიული გზების შემუშავება
და ახალი სტრატეგიების შექმნა; მოწყვლადი
ჯგუფებისადმი დამოკიდებულებებისა და ქცევის მოდელის შემუშავება; სკოლის მულტიკულტურულ საზოგადოებაში
პოზიტიური ინტერაქციისათვის მშვიდობიანი თანარსებობის მექანიზმის განსაზღვრა; გოგონათა ხარისხიანი განათლების მისაღებად, STEM საგნებში, ხელოვნური
და ბუნებრივი ბარიერების გაანალიზებას და გადაჭრის გზის განსაზღვრა; გენდერული და სოციალური თანასწორობისათვის სახელმძღვანელოების შერჩევის კრიტერიუმების
შედგენა და სკოლის მრავალფეროვან ჯგუფებთან თანამშრომლობის მოდელის შექმნა.
ლიდერობის აკადემია სამი დონისაგან
შედგება და წარმოადგენს გრძელვადიანი ტრენინგ-მოდულების ერთობლიობას, რომელიც 2016
წლის აგვისტოს თვიდან დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაგრძელდება. პროგრამაში
ყველა საჯარო სკოლის დირექტორია ჩართული. აკადემიის თითოეული
დონის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ლიდერობის აკადემიის სატრენინგო
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო სკოლების დირექტორებს, ეფექტიანად მართონ
სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.
ლიდერობის პირველი აკადემია 2016 წლის
აგვისტოდან ოქტომბრამდე 1702-მა საჯარო სკოლის დირექტორმა გაიარა. მონიტორინგის
შედეგების თანახმად, ლიდერობის პირველი აკადემიის მონაწილე დირექტორთა 81%-მა
მიიჩნია, რომ ტრენინგის სასწავლო მიზნები შეესაბამებოდა მათ პროფესიულ
საჭიროებებს. ასევე, დირექტორთა 76% აღნიშნა, რომ ტრენინგმა გაზარდა მათი
პროფესიული დონე.
გარდა ტრენინგებისა, პროექტის
ფარგლებში დირექტორებისათვის იმართება კვარტალური შეხვედრები, ხოლო 2017 წლის სექტემბერში
გაიმართა “სკოლის მართვისა და ლიდერობის
კონფერენცია“, რომელზეც სკოლის დირექტორებმა ერთმანეთს გაუზიარეს აკადემიაში
მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის შედეგები და პროფესიული გამოცდილება.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -
საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის მიერ. პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის
დაფინანსებით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX-ის ექსპერტული
მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
|