მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი მენტორ მასწავლებლებს პეტრე ბაბილუას და ნატა ბიჭიკაშვილს შეხვდა და სტატუსის მიღების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
პედაგოგები ევროპულ და ბაქსვუდის სკოლებს წარმოადგენენ. მათ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, მენტორის სტატუსის მისაღებად გათვალისწინებული 25 კრედიტქულა დააგროვეს. სქემის ამოქმედების შემდეგ, ჯამში 9 მასწავლებელმა მოიპოვა მენტორის სტატუსი.
მენტორების თქმით, სტატუსის მოსაპოვებლად განსაზღვრული აქტივობები მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია, ამიტომაც სტატუსის მოპოვება რაიმე სირთულეს არ წარმოადგენს.
გიორგი მაჩაბელის განცხადებით, სქემის შედეგები მასწავლებლებისთვის უკვე ხელშესახები გახდა და სასკოლო საზოგადოებაში მოტივაცია არსებითად გაზრდილია.
მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად წამყვანი მასწავლებელი ახორციელებს სქემით გათვალისწინებულ სავალდებულო და დამატებით აქტივობებს, რომელიც ფასდება სკოლის შეფასების ჯგუფის მიერ. გადაწყვეტილებას მენტორის სტატუსის მინიჭების თაობაზე იღებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სკოლის შეფასების ჯგუფის წარდგინების საფუძველზე.
მენტორს სტატუსი უვადოდ უნარჩუნდება, მისი ფუნქცია-მოვალეობები კი მიმართულია სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაზე, სკოლისა და კათედრის განვითარებაზე.
2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში, სქემაში 1359 მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსით დაწინაურდა, 2 - წამყვანის, ხოლო 9 მენტორის.
|