მასწავლებლის
საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის
ამოქმედების შემდეგ, პირველად, 9 მასწავლებელმა მენტორის სტატუსი მოიპოვა.
აღნიშნულმა მასწავლებლებმა, სქემის ფარგლებში, სხვადასხვა
პროფესიული აქტივობების განხორციელების გზით, მენტორის სტატუსის მისაღებად გათვალისწინებული 25 კრედიტქულა დააგროვეს.
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, დღეს, N128 საჯარო სკოლას ესტუმრა
და ორ პედაგოგს შეხვდა, რომლებიც სქემაში მენტორის სტატუსით დაწინაურდნენ. გიორგი
მაჩაბელმა ნათია დარჩიას და გულნაზი ხორბალაძეს მენტორობის დამადასტურებელი
სერტიფიკატები გადასცა და დაწინაურება მიულოცა.
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, სერტიფიკატის
გადაცემას ცხრავე მასწავლებლისთვის პირადად გეგმავს.
მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი:
- ატარებს არანაკლებ 4 სამოდელო გაკვეთილს (თითოეული 1 კრედიტქულა);
- ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევასა და კვლევის შედეგების საფუძველზე ატარებს სამუშაო შეხვედრას კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით (3 კრედიტქულა);
- ქმნის სასწავლო რესურსს ან რეცენზირებულ პროფესიულ ლიტერატურას (2 კრედიტქულა);
- ახორციელებს დამატებით საქმიანობებს/აქტივობებს (16 კრედიტქულა). მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით.
მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს წამყვანი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას წამყვანი მასწავლებლისათვის მენტორის სტატუსის მინიჭების შესახებ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის, წინადადების წარდგენის შესახებ.
მენტორის ფუნქცია-მოვალეობები მიმართულია სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაზე და კათედრისა და
სკოლის განვითარებაზე. მენტორს
სტატუსი უვადოდ უნარჩუნდება.
2016-2017
სასწავლო წლის განმავლობაში, სქემაში 1359 მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის
სტატუსით დაწინაურდა, 2 - წამყვანის, ხოლო 9 მენტორის.
|