მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა
“eTwinning plus”-ის მონაწილე მასწავლებლებისთვის
კონფერენცია - „ციფრული მოქალაქეობა და eTwinning-ი“ გაიმართა. კონფერენცია ეძღვნებოდა ციფრულ სამყაროში
ჩვენი უფლებებისა და მოვალეობების გააზრებას და ციფრული მოქალაქეობრივი ცნობიერების
განვითარებას eTwinning-ის მეშვეობით.
კონფერენციის
ფარგლებში, პროფესიული განვითარების ხელშეწყობის
მიზნით, მასწავლებლებისთვის შეთავაზებული იყო სხვადასხვა ტიპის ვორქშოფები ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენების, ონლაინ უსაფრთხოების , საავტორო უფლებების
საკითხებზე,
რომელთა ცოდნა და პრაქტიკაში
გამოყენება ციფრული მოქალაქის ძირითად მოვალეობას წარმოადგენს.
კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გაეცნოთ კოლეგები, ჩამოეყალიბებინათ საერთო ინტერესები,
ხედვა და ახალი საპროექტო იდეები.
კონფერენციაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან
90 მასწავლებელი მონაწილეობდა.
პროგრამაში „eTwinning
- ევროპული საზოგადოება სკოლებისთვის“ ჩართულია
400,000 მასწავლებელი ევროპის სხვადასხა ქვეყნიდან და მათი რაოდენობა ყოველდღე
იზრდება. eTwinning მასწავლებლებს სთავაზობს სხვადასხვა საშუალებას, რათა მათი
მოსწავლეები მოამზადონ ციფრული სამყაროს სრულფასოვან
წევრებად. დაიცვან საკუთარი და სხვისი უფლებები, განახორციელონ ციფრული მოქალაქეობის
ჩამოყალიბებისათვის ხელშემწყობი აქტივობები მოსწავლეებთან.
პროგრამა “eTwinning Plus” ევროპისა და მისი
მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი
საგანმანათლებლო ქსელია, რომლის ფარგლებში მასწავლებლები ერთმანეთს უკავშირდებიან,
თანამშრომლობენ, ერთობლივ სასწავლო პროექტებს ახორციელებენ და გამოცდილებას
უზიარებენ. პროგრამა თავის საქმიანობას ახორციელებს ონლაინ-პლატფორმის საშუალებით,
რომელიც პროგრამის მონაწილე მასწავლებლებისთვის სამუშაო სივრცეს ქმნის და მათ მრავალფეროვან
ინსტრუმენტებს სთავაზობს საკუთარი ამოცანების განხორციელებისათვის.
|