მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა,
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მხარდაჭერით, ათასწლეულის
გამოწვევის კორპორაციის მიერ ინიცირებული პროექტის - „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარება“
ფარგლებში, 2 წელზე მეტი ხნის გამოცდილების მქონე ტრენერების გადამზადება დაიწყო.
მიმდინარე ეტაპზე 140 ტრენერი სპეციალურად პროექტის მიზნებისთვის შექმნილ
ტრენინგ-მოდულს - „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი“ გადის.
აღნიშნული
ტრენერები მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის
ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად, პროგრამის საჭიროებებიდან და
მიზნებიდან გამომდინარე შეირჩნენ.
ტრენინგ-მოდული მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული
განვითარების პროექტის ფარგლებში უცხოელი კონსულტანტის მიერ მომზადდა. მოდული სწავლების თანამედროვე მიდგომებს
ეყრდნობა და აქცენტს აკეთებს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვისათვის
აუცილებელი პროფესიული უნარების გამომუშავებაზე. გადამზადების კურსი ტრენერებს მოსწავლეზე
ორიენტირებული მიდგომების ახლებურად გააზრებაში დაეხმარებათ.
ტრენერთა სკოლის შექმნის საჭიროება უკანასკნელ პერიოდში პროფესიულ
განვითარებაზე მზარდი მოთხოვნის გაჩენამ და განსაკუთრებით რეგიონებში, ტრენერთა კორპუსის სიმწირემ
განაპირობა. ცენტრი
უკანასკნელი ორი
წლის მანძილზე
მუშაობდა ტრენერთა
სკოლის კონცეფციაზე, რომლის საბოლოო სახის მიცემა და განხორციელება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს მხარდაჭერით გახდა
შესაძლებელი. შემუშავდა ტრენერის სტანდარტი,
ტრენერის მომზადების და
პროფესიული განვითარების წესი, ასევე, მოდულები ტრენერების მოსამზადებლად და
გადასამზადებლად. ტრენერთა
სკოლის პრიორიტეტად განისაზღვრა ტრენერთა რეგიონული
დაფარვის გაზრდა.
ამჟამად მიმდინარეობს როგორც
გამოცდილი ტრენერების გადამზადება, ისე,
გამოცდილების არმქონე 300-მდე კანდიდატების მომზადება.
პროექტის ფარგლებში მომზადებული და გადამზადებული ტრენერები, 2016 წლის აგვისტო-სექტემბრიდან, საჯარო სკოლების VII-XII კლასების
ქიმიის, ბიოლოგიის,
ფიზიკის, მათემატიკის, ინგლისურის და
გეოგრაფიის მასწავლებელთა და სკოლის
დირექტორების პროფესიულ
განვითარებას გაუძღვებიან და მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს
თბილისსა და
რეგიონებში ადამიანური კაპიტალის განვითარებას.
|