ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ინიცირებული „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ ახალ ფაზაში გადავიდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში უკვე დაიწყო ტრენინგ-მოდულების დამწერთა ტრენინგი, რომლის წარმატებით გავლა მათი შერჩევის პროცესის ნაწილია. ტრენინგი მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის პრინციპებზე დაყრდნობით შემუშავდა და მასში კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატებით გასული 15 კანდიდატი მონაწილეობს.
3-კვირიანი ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს და სრულად ეხმიანება მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების, მეთოდების და დამოკიდებულებების გამოყენებით მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთათვის პროფესიული განვითარების მოდულების შექმნის საჭიროებებს. ტრენინგისა და შეფასების პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები შეიმუშავებენ პროექტის სამიზნე ჯგუფის - VII – XII კლასების ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ინგლისურის, გეოგრაფიის, მათემატიკის მასწავლებლების, ასევე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლებისა და საჯარო სკოლის დირექტორებისთვის გადამზადების კურსებს, რომელთა განხორციელებაც 2016 წლის აგვისტოდან დაიწყება.
აღნიშნული კურსი მოდულის დამწერთა შერჩევისა და სერტიფიცირების სტრატეგიის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც საერთაშორისო კონსულტანტების მიერ მომზადდა.
აღნიშნული კანდიდატების შერჩევა უზრუნველყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, როგორც პროექტის განმახორციელებელმა სააგენტომ. პროექტის მხარდამჭერია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო და საერთაშორისო ორგანიზაცია IREX-ის საკონსულტაციო ჯგუფი.
|