დღეიდან ფრანგულის მასწავლებლებს სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ქართველ ტრენერებთან ერთად ფრანგი სპეციალისტებიც მოამზადებენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს ფრანგულ ინსტიტუთთან მემორანდუმი გააფორმა.
დოკუმენტი ორივე მხარეს სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მაღალკვალიფიციური ტრენინგების ჩატარებას ავალდებულებს,რაც სხვა საკითხებთან ერთად გულისხმობს:
- საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ტრენინგ პროგრამის მომზადებაში ფრანგი ექსპერტების ჩართვა;
- ინსტიტუტმა შესთავაზოს ცენტრს ფრანგული ენის ტრენერობის კანდიდატების სია, რომელთა კვალიფიკაცია და მოტივაცია თვალსაჩინოიქნება;
- ინსტიტუტმა შესთავაზოს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრირებულ ფრანგული ენის მასწავლებლებს ფრანგული ენის უფასო კურსები და მეთოდოლოგიური ტრენინგები;
- ცენტრმა მოამზადოს ტრენერები შექმნილი ტრენინგ პროგრამის მიხედვით;
- უხელმძღვანელოს კონსულტანტთა ჯგუფს, რომელიც შეიმუშავებს ფრანგული ენის მასწავლებელთა ტრენინგ პროგრამას;
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მემორანდუმის ფარგლებში მრავალმხრივ თანამშრომლობას გეგმავენ, რაშიც ფრანგი კოლეგები საფრანგეთიდან აქტიურად ჩაერთვებიან.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგების გადამზადებას სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ინტენსიურად ახორციელებს. ტრენინგები ყველა საგანში, მათ შორის ფრანგულ ენაშიც მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება. |