მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზნობრივი პროგრამების სამსახურის პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში დეტალური ინფორმაციის განხილვა და შეჯერება მოხდა თითეულ სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლების რაოდენობისა და მათი საათობრივი დატვირთვის, ასევე საგნისთვის განკუთვნილი თავისუფალი საათების დაანგარიშების პრინციპის შესახებ. ცენტრის წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს კონკურსის წესით შერჩეული კონსულტანტ-მასწავლებლებისა და დამხმარე მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობები გააცნეს, ასევე მიაწოდეს ინფორმაცია პროგრამაში ეთნიკური უმცირესობების იმ წარმომადგენლების ჩართვის შესახებ, რომლებმაც უნივერსიტეტების ბაზაზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა „1+4“ გაიარეს და წელს პირველად პროგრამის დამხმარე მასწავლებლების შესარჩევ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.
პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არაქართულენოვან სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნებისა და სახელმწიფო ენის სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესებას და მათი სოციალური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას.