მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება” პროგრამის ფარგლებში შემაჯამებელი
სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის წარმომადგენლები და პროგრამის ტრენერ-კონსულტანტები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს პროგრამის განვითარების პერსპექტივები და მისი კავშირი „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემასთან“.
სამუშაო შეხვედრაში პროგრამის ტრენერ-კონსულტანტებთან ერთად მონაწილეობდნენ იმ წარმატებული სკოლების წარმომადგენლებიც, რომლებმაც გაიმარჯვეს პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში და განახორციელეს საინტერესო და ნაყოფიერი პროექტები.
სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა იმ პროფესიონალი მასწავლებლების გუნდი, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე მუდმივად სრულყოფენ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას, ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.მასწავლებლების პროფესიული საჭიროებების დადგენა და მასზე ოპერატიული რეაგირება სკოლაშივე უნდა მოხდეს, რის საშუალებასაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დეცენტრალიზებული მოდელი - სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება - იძლევა.
|