საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი თბილისის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდა და მათ მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერის დაგეგმვის ახალ სისტემა გააცნო.
ლია გიგაურმა მასწვლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, დეტალურად ისაუბრა ახალი სქემის მიზნებზე და მნიშვნელოვან სიახლეებზე.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი სქემა უზრუნველყოფს მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას - მხოლოდ მაღალკვალიფიციური, მოტივირებული მასწავლებლების საშუალებითა და სწავლების ახალი მიდგომების დანერგვით არის შესაძლებელი საუკეთესო საგანმანათლებლო შედეგების მიღწევა, რაც მოსწავლეებს წარმატებისა და თვითრეალიზებისთვის საჭირო ცოდნას, უნარებსა და ღირებულებებს ჩამოუყალიბებს. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სქემის ფარგლებში, მასწავლებლის სახელფასო ზრდა დამოკიდებული იქნება მასწავლებლის მიღწევებზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ მოტივაციას.
შეხვედრის ფარგლებში, ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წამომადგენლებმა პედაგოგთა ყველა შეკითხვას უპასუხეს.
|