მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სპეციალური მასწავლებლის სტანდარტზე მუშაობას აგრძელებს. სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გამართულ შეხვედრაზე ცენტრის წარმომადგენლები, პედაგოგები და ინკლუზიური განათლების ექსპტერტები რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე შეთანხმდნენ, მათ შორის:
- განისაზღვროს სპეციალური მასწავლებლის სამუშაოს აღწერილობა სკოლაში;
- სკოლის ხელმძღვანელებისათვის გაიწეროს რეკომენდაციები, თუ როგორ შეუწყონ ხელი სკოლაში ინკლუზიური განათლების დანერგვასა და განვითარებას;
- მასწავლებლის სტანდარტის გზამკვლევში დანართის სახით ჩაემატოს რამდენიმე მაგალითი სსს მოსწავლესთან მუშაობის შესახებ;
- სპეციალური მასწავლებელი გახდეს არა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, როგორც დღეს, არამედ რეგულარული მასწავლებელი, როგორც ზოგადსაგანამათლებლო დაწესებულების სხვა მასწავლებელი;
- სპეციალური მასწავლებელი ჩაერთოს პროფესიული განვითარების ერთიან სისტემაში.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს მასწავლებლის ეთიკის კოდექსი და საჯაროსკოლის დირექტორის კოდექსი სსს მოსწავლეებთან მუშაობის კონტექსტში. ღონისძიების მიზანი იყო, მასწავლებლის სტანდარტისა და სპეციალური მასწავლებლის სტანდარტის ურთიერთმიმართების დადგენა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა სპეციალური მასწავლებლის სტანდარტში.
მოქმედი კანონმდებლობით სპეციალური მასწავლებელი არის სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და სამომავლოდ ის გახდება რეგულარული მასწავლებელი, როგორც სხვა საგნის მასწავლებლები და ის ისევე ჩაერთვება პროფესიული განვითარების ერთიან სისტემაში, როგორც ზოგადსაგანათლებლო დაწესებულების სხვა მასწავლებლები.
სპეციალური მასწავლებლის სტანდარტზე შეხვედრა მომავალშიც გარძელდება, რის შემდეგაც დოკუმენტი დასამტკიცებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარედგინება.
|