საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სკოლაში, სადაც ერთი ან მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე (სსსმ) მოსწავლე სწავლობს, მიმდინარე სასწავლო წლიდან, ინკლუზიური განათლების ერთი ან რამოდენიმე სპეციალისტი (სპეციალური მასწავლებელი; კოორდინატორი; ფსიქოლოგი) მუშაობს.
იმ მიზნით, რომ სსსმ მოსწავლეებს შევთავაზოთ ინკლუზიური და სპეციალური განათლების ეფექტიანი სწავლება, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს ტრენინგებს სახელწოდებით „სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების კურსი“. ტრენინგის მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაეცნო.
„სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების კურსი“ განკუთვნილია ყველა მასწავლებლისთვის, სკოლის ფსიგოლოგისა და ინკლუზიური განათლების კოორდინატორისთვის, რომელიც ფლობს ბაზისურ ცოდნას სპეციალურ პედაგოგიკაში და მიზნად ისახავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მუშაობას ზოგადსაგანმანათლებლო ან სპეციალიზირებულ საჯარო სკოლაში.
კურსი შედგება სამი ურთიერთდაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული მოდულისგან. თითოეული მოდულის ხანგრძლივობაა 10 სამუშაო დღე, დღეში 4 საათი. ყოველი მოდულის შემდეგ მონაწილეებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობა ეძლევათ (საშინაო დავალება). შესაბამისად, მთლიანი კურსი: ლექციებით და ლექციებს შორის ერთკვირიანი შუალედებით - 2 თვე გრძელდება.
კურსის სამივე მოდული მონაწილეებს უზრუნველყოფს თეორიული და პრაქტიკული ცოდნით სპეციალურ პედაგოგიკაში. კურსის წარმატებულად გავლის დამადასტურებელი ცნობის მოსაპოვებლად აუცილებელია: კურსზე დასწრება, აქტიური მონაწილეობა ჯგუფურ და ინდივიდუალურ აქტივობებში; საშინაო დავალებების შესრულება და კურსის დამთავრებიდან ორი კვირის შემდეგ, გამოცდის წარმატებით ჩაბარება.
|