აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და აჭარის განათლების ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები დოკუმენტზე ხელმოწერით ბათუმში მასწავლებლის სახლის ფუნქციონირებაზე შეთანხმდნენ.
მემორანდუმის თანახმად ,,ბათუმის მასწავლებლის სახლის“ ფუნქციონირების ფინანსური, ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფს სამინისტრო და ფონდი, ხოლო შინაარსობრივს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ეს უკანასკნელი ბათუმის მასწავლებლის სახლს შემდეგი მიმართულებებით დაეხმარება:
- უზრუნველყოფს შერჩეული ტრენერების მომზადებასა და პროფესიული განვითარებას;
- ხელს შეუწყობს ტრენერების თანამშრომლობას ცენტრში დასაქმებულ შესაბამისი საგნის კონსულტანტებთან;
- ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგების ჩასატარებლად ცენტრი უზრუნველყოფს მის მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულების მიწოდებას ტრენერებისათვის;
- რეგულარულად მიაწვდის ფონდს ცენტრის პერიოდული გამოცემების რამდენიმე ეგზემპლარს;
- საჭიროების შემთხვევაში, ფონდის მიერ განსახორციელებელ პროგრამებში ჩართვებიან ცენტრის თანამშრომლები და სხვ.
ბათუმის მასწავლებლის სახლი სექტემბერში გაიხსნება. ყველა საჭირო ინვენტართან ერთად აღჭურვილი იქნება კომპიუტერული ტექნიკით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო და კერძო სკოლებში 7000-ზე მეტი მასწავლებელია დასაქმებული. ბათუმის მასწავლებლის სახლი თითოეულ მათაგანს მოემსახურება და მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონში დასაქმებული პედაგოგებისთვის პროფესიული განვითარების სხვადასხვა მიმართულებებზე ხელმისაწვდომობას.
„ბათუმის მასწავლებელის სახლი“ „აჭარის განათლების ფონდის“ ბაზაზე ჩამოყალიბდება, რომელიც 2011 წლიდან ფუნქციონირებს და გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა აღნიშნული სერვისის უზრუნველსაყოფად. „აჭარის განათლების ფონდი“ შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს უცხო ენებისა და კომპიუტერების უფასო კურსების ორგანიზება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, ასევე მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა.