საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარება და პრესტიჟის ამაღლებაა. სტრატეგია ხაზს უსვამს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართ სისტემური და გრძელვადიანი მიდგომების არსებობის საჭიროებას. ამ მიმართულებით გამოწვევას წარმოადგენს პროფესიული განათლების მასწავლებლების მომზადების, პროფესიაში შესვლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯებით საფუძველი ჩაეყარა აღნიშნული სისტემის ფორმირებას, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია განხორციელების ის ეტაპი, რომელიც რესურსების მობილიზებასა და თანმიმდევრულ, მიზანმიმართულ ინტერვენციას მოითხოვს. ამასთან, პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, დღის წესრიგში დგას მასწავლებელთა შესაძლებლობების გაუმჯობესება კონკრეტული მიმართულებებით: მათ საჭიროებებზე დაფუძნებული ტრენინგ-პროგრამების და პროფესიული განვითარების სხვა ღონისძიებების განხორციელება.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სისტემის ჩამოყალიბებას და პროფესიული განათლების მასწავლებელთა კომპეტენციების განვითარებას თავად მასწავლებლის საჭიროებებისა და პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად. ამდენად პროგრამის ამოცანებია, უპასუხოს ერთის მხრივ, სისტემის დონეზე არსებულ გამოწვევებს, ხოლო მეორეს მხრივ - თავად მასწავლებელთა საჭიროებებს. კერძოდ,
- პროფესიულ პედაგოგიკაში მასწავლებელთა უნარების განვითარება;
- ინკლუზიურ განათლებაში მასწავლებელთა უნარების განვითარება;
- ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში მასწავლებელთა უნარების განვითარება;
- პრიორიტეტული მიმართულებებით მასწავლებელთა საგნობრივი უნარების განვითარება საწარმოებში და დამსაქმებლებთან;
- მასწავლებელთა პროფესიული ცოდნა და უნარები პასუხობდეს პროფესიული სტანდარტითა და მოდულური სწავლებით გათვალისწინებულ შედეგებს;
- ჩამოყალიბებული იყოს და წარმატებით ფუნქციონირებდეს მასწავლებელთა მომზადებისა და განვითარების ერთიანი სისტემა.
|