სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი
უმთავრესი პირობაა იმ
პროფესიონალი მასწავლებლების გუნდი, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობის
საფუძველზე მუდმივად სრულყოფენ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას, ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. მასწავლებლების პროფესიული საჭიროებების დადგენა და მასზე ოპერატიული რეაგირება სკოლაშივე
უნდა მოხდეს, რის საშუალებასაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დეცენტრალიზებული
მოდელი - სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება - იძლევა.
ეს მოდელი
გულისხმობს იმ საქმიანობათა ერთობლიობას, რომელთაც თავად სკოლა ახორციელებს თანამშრომელთა
პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებისთვის. ამისათვის სკოლებში შეიქმნა
პროფესიული განვითარების ჯგუფები, რომლებიც ზრუნავენ როგორც საკუთარ, ასევე კოლეგების
პროფესიულ განვითარებაზე, რთავენ პედაგოგებს პროფესიული განვითარების აქტივობებში,
რათა ხელი შეუწყონ მათში თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის სურვილის, როგორც ღირებულების,
ჩამოყალიბებას. ისინი მუდმივად იღებენ კონსულტაციებს
ცენტრის თანამშრომლებისაგან, გადიან ტრენინგებს და შემდეგ ამ ცოდნასა და გამოცდილებას
უზიარებენ კოლეგებს.
2013-2014 სასწავლო
წლის ბოლომდე მიმდინარეობს ქვეპროგრამის პილოტირება. საპილოტე პროგრამაში მონაწილეობას იღებს 206 სკოლა საქართველოს ყველა რეგიონიდან. ჯგუფში გაერთიანებულია საპილოტე
სკოლის
7 წარმომადგენელი, რომლებიც შეარჩიეს
საგნობრივი კათედრის წევრებმა და რომლებსაც აქვთ საამისო სურვილი და მზაობა.
პილოტირების პროცესის მონიტორინგისა და შედეგების
ანალიზის საფუძველზე ხდება პროგრამის კორექტირება მისი შემდგომი სრულყოფის მიზნით.
პილოტირების პროცესში ჩართულ სკოლებს შესაძლებლობა აქვთ გაცვალონ ერთმანეთში ინფორმაცია,
გაუზიარონ კოლეგებს გამოცდილება, წარმოადგინონ საკუთარი საქმიანობის შედეგები სამუშაო
შეხვედრებსა თუ კონფერენციებზე.
|