საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთიან პოლიტიკას
ახორციელებს ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ არა ერთი ნაბიჯი გადაიდგა ქართული ენის
სწავლების მიმართულებით, ერთ-ერთ პრობლემად კვლავ რჩება საქართველოში
მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა, რამაც შეუძლია შეაფერხოს მათი სრულფასოვანი
მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი, ეროვნული უმცირესობების
სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიის ფარგლებში, ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს საქართველოში
მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სახელმწიფო ენის სწავლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
ხელშეწყობის მიზნით. ტარდება ისეთი
კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს
განათლების ხელმისაწვდომობას ეთნიკური უმცირესობებისთვის, ხელს უწყობს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციასა
და ასევე, ეროვნული უმცირესობების
ენობრივი და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.
არაქართულენოვან სკოლებში, ქართული
ენის ფლობისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნების, სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით,
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროგრამას
„ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“, აღნიშნული მიზნის მისაღწევად
პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში
იგზავნებიან როგორც მაღალი კვალიფიკაციის ქართული ენის სერტიფიცირებული ტრენერ-მასწავლებლები,
ასევე მინიმუმ ბაკალავრის ხარისხის მქონე ქართული ენის, ისტორიისა და გეოგრაფიის საგნის
სპეციალისტები, რომლებიც ადგილობრივ პედაგოგს ეხმარებიან საგაკვეთილო პროცესის წარმართვაში. ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეთა
და პედაგოგთა ცოდნის დონის გაუმჯობესებას საგანში და მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს,
ადგილობრივი მოსახლეობის ქართული ენის ფლობის დონეს. ასევე საზოგადოებრივი
მეცნიერებების სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან მჭიდრო ურთიერთობა და ექსტრაკურიკულური
ღონისძიებების განხორციელება. პროგრამის მონაწილე დამხმარე მასწავლებლები
ცხოვრებენ ადგილობრივ ოჯახებში და რეგიონებში რჩებიან მინიმუმ ერთი აკადემიური წლის
მანძილზე. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში შერჩეული მონაწილეები
არაქართულენოვან სკოლაში იმუშავებენ მინიმუმ ერთი აკადემიური წლის განმავლობაში.