მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით,
უკვე მესამედ, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, „მსოფლიო მასშტაბური
გაკვეთილი“ ჩატარდა. პროექტში 30-მდე სკოლა მონაწილეობდა. წლევანდელი ღონისძიება მსოფლიოში შიმშილობის
აღმოფხვრას მიეძღვნა და მიზნად ისახავდა აღნიშნული თემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას
და პერსონალური თუ სოციალური კომპეტენციების განვითარებას X, XI და XII კლასის მოსწავლეებში.
„მსოფლიო მასშტაბური გაკვეთილი“ ინგლისურ ენაზე, უცხოური ენისა და გეოგრაფიის
მასწავლებლების თანამშრომლობით, ყველა სკოლაში ერთი და იგივე სასწავლო კვირის განმავლობაში
ჩატარდა.
პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მთელ მსოფლიოში ხორციელდება
და ითვალისწინებს მოსწავლეებისთვის გაეროს მიერ შემუშავებული „მდგრადი განვითარების
გლობალური მიზნების“ გაცნობას და გამჭოლი კომპეტენციების (ეკოლოგიური წიგნიერება, ჯანსაღი
ცხოვრების წესი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება) განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2014 წლის 15-16
სექტემბერს ჟენევაში
გამართულ მინისტერიალზე მდგრადი განვითარების გლობალური
მიზნების განხორციელების ვალდებულება აიღო.
შესაბამისად, აღნიშნული
თემა - „მდგრადი განვითარების გლობალური
მიზნები“ მეტად
აქტუალურია და
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კუთხით მომავალი თაობების
ცნობიერების ამაღლება.
|