როგორ უნდა განვითარდეს მომავალ თაობაში დემოკრატიული კულტურა, ამასთან დაკავშირებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ევროსაბჭოს პროგრამა „პესტალოცის“ ფარგლებში საქართველოში 4-დღიანი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის თემა იყო „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სასკოლო პრაქტიკაში“.
საერთაშორისო სემინარში 14 საერთაშორისო და 16 ადგილობრივი განათლების სპეციალისტი მონაწილეობდა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დემოკრატიული კულტურის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული სასწავლო პროექტები, ასევე, განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, ქართულ სკოლებში ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკა, მსოფლიოში არსებული გამოცდილება, ასევე, გამოწვევები და პერსპექტივები და საუკეთესო გამოცდილების დანერგვის ხელშემწყობი ღონისძიებები.
პროგრამა "პესტალოცის" ფარგლებში, 2009 წლიდან დღემდე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით რამდენიმე ღონისძიება განხორციელდა, მათ შორის: ,,მასწავლებელთა მუდმივი პროფესიული განვითარება და კავშირი კარიერულ ზრდასთან", ,,მასწავლებელთა კარიერული წინსვლა სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების გზით“, ასევე, ,,მაძიებლები და დამწყები მასწავლებლების მენტორობა“.
პროგრამა ”პესტალოცი” საქართველოში 2009 წლიდან ხორცილდება. 2009-2015 წლის განმავლობაში ”პესტალოცის” პროგრამის ფარგლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ორგანიზებულ სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 65-მა ქართველმა მასწავლებელმა, პედაგოგთა ტრენერმა და განათლების ექსპერტმა მიიღო.
|