მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი რიყის პარკში გაიხსნა. ფესტივალი 24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება და ყველა დამთვალიერებელს 150-მდე ღონისძიებას შესთავაზებს - ლექციებს, სემინარებს, კონფერენციებს და სამეცნიერო პიკნიკებს საქართველოს მასშტაბით.
მეცნიერებისა და ინოვაციების საეთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნულმა ცენტრმა, ჟურნალმა “მასწავლებელი” და ინტერნეტგაზეთმა “mastsavlebeli.ge” საუკეთესო საჩუქარი შესთავაზა მასწავლებლებს, მშობლებს და მის მკითხველებს. მასწავლებლის ბიბლიოთეკის სერიით გამოცემული მასწავლებლის წიგნები საჩუქრად გადაეცა ჩვენს სტენდთან მოსულ ყველა სტუმარს.
ასევე, ფესტივალზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საგანმანათლებლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე მოაწყო ტექნოლოგიების გამოფენაც, სადაც წარმოდგენილ იქნა: სინათლის (ლაზერის) ტალღის სიგრძის გაზომვა და მისი გამოყენება მიკრონების რიგის სხეულების დიამეტრის გასაზომად, თმის ღერის დიამეტრის გაზომვის მაგალითზე; მობილური ტელეფონით მართვადი, მოქმედი რობოტების დახმარებით ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფიზიკის სხვადასხვა საკითხების სწავლების მეთოდები; რხევითი მოძრაობების შესწავლა და თავისუფალი ვარდნის აჩქარების განსაზღვრა; „არდუინოს“ დახმარებით მელოდიების, სინათლის სხვადასხვა ფერებში წარმოდგენა.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის კვირეულის მიმდინარეობისას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო საგანმანათლებლო რესურსების პროგრამის ფარგლებში, გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “ღირებულებები და განათლება”.
|