„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, აგრძელებს ტრენინგების მორიგ ციკლს დირექტორებისა და ფასილიტატორებისთვის სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე. ტრენინგები თელავში, ბაზალეთსა და წყალტუბოში იმართება.
ამჟამად, ტრენინგზე მოწვეული იქნება 1872 დირექტორი და პროექტის ფარგლებში სკოლის ბაზაზე შერჩეული ამდენივე ფასილიტატორი. ისინი გაივლიან ლიდერობის მეორე აკადემიის მესამე, მეოთხე და მეხუთე ტრენინგმოდულებს, რაც გაერთიანებულია ტრენინგ კურსში. ტრენინგების ამ ციკლზე მოწვეული არიან ასევე საგანმანათლებლო რესურს ცენტრების ხელმძღვანელებიც. ტრენინგის თემებია: „ლიდერობა და ხელმძღვანელობა “ ,, სასწავლო თემის განვითარება“ და „21-ე საუკუნის კლასის მახასიათებებლები, ნაწილი II”, რაც ჯამში 48 საკონტაქტო საათს შეადგენს.
ლიდერობის აკადემიის სატრენინგო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო სკოლების დირექტორებს, ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. ასევე, მასწავლებლებში განავითაროს ლიდერობის და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები.
ლიდერობის აკადემია სამი დონისაგან შედგება და წარმოადგენს ტრენინგ-მოდულების ერთობლიობას, რომელიც 2016 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაგრძელდება. პროგრამაში ყველა საჯარო სკოლის დირექტორია ჩართული.
ლიდერობის პირველი აკადემია 1700-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა 2016 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე გაიარა. მონიტორინგის შედეგების თანახმად, ლიდერობის პირველი აკადემიის მონაწილე დირექტორთა 81%-მა მიიჩნია, რომ ტრენინგის სასწავლო მიზნები შეესაბამებოდა მათ პროფესიულ საჭიროებებს. ასევე, დირექტორთა 76% აღნიშნა, რომ ტრენინგმა გაზარდა მათი პროფესიული დონე და მიღებული ცოდნა დაეხმარება გახდეს უკეთესი დირექტორი.
ლიდერობის აკადემიის ყოველი საფეხურის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX-ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
|