საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით, NASA-ს ადამიანის კოსმოსში ფრენის პროგამების დირექტორი, შონ ფულერი ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლებს შეხვდა.
შეხვედრის ძირითად თემას მოსწავლეთა ტექნიკური საგნებით დაინტერესებისათვის სწავლების თანამედროვე საშუალებების გამოყენება, მოსწავლეზე ორიენტორებული მიდგომების დანერგვა და აქტიური სწავლების პრინციპებზე დაფუძნებული საკლასო გარემო წარმოადგენდა.
სტუმარმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება სასკოლო და საუნივერსიტეტო დონეზე მიღებული განათლებისა და პრაქტიკის შესახებ, გააცნო NASA-ს უკანასკნელი მიღწევები და კოსმოსური სივრცის შესწავლის მომავალი გეგმები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ისეთ მაგალითებზე გაკეთდა, რის შედეგდ მოსწავლე აშკარად დაინახავს კავშირს მის ირგვლივ მიმდინარე ბუნებრივ მოვლენებთან.
„15 წლის შემდეგ თავად ნახავთ, რომ ტექნოლოგიების განვითარებაში თქვენივე მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. თქვენ უნდა შთააგონოთ მოსწავლეებს, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. ბოლო ათწლეულების მანძილზე ინჟინერიამ უდიდესი პროგრესი განიცადა და STEM საგნების მასწავლებლების მისია უნდა იყოს ის, რომ ახალ თაობებს მომავლის კარი გაუხსნან,“ განაცხადა შონ ფულერმა.
მასწავლებლებმა სტუმარს გაუზიარეს ის ინოვაციური გამოგონებები, რომლებიც ქართველმა მოსწავლეებმა ბოლო პერიოდის მანძილზე შექმნეს. შეხვედრაზე სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მასწავლებელმა, უტა კილასონიამ, მისი მოსწავლეების შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრა, რომლებმაც წელს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გაიმარჯვეს და NASA-ს ესტუმრნენ.
„მსგავსი შეხვედრები სტიმულია ჩვენთვის, მოსწავლეები უფრო მეტად დავაინტერესოთ ტექნიკური საგნებით. მინდა რაც შეიძლება მალე მივიდე სკოლაში და ჩემს მოსწავლეებს შეხვედრაზე მოსმენილი სიახლეები გავუზიარო,“ განაცხადა სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის ფიზიკის პედაგოგმა პავლე რუხაიამ.
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2016-2019 წლებში “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს” განახორციელებს. პროექტის მიზანი საჯარო სკოლების მე-7 - მე-12 კლასების ყველა მოქმედი პედაგოგის გადამზადებაა, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების და აქტიური სწავლების სტრატეგიების მიმართულებით.