„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს გაიმართა სამუშაო შეხვედრა დიფერენცირებული სწავლების მიდგომების სკოლაში აქტიურად დანერგვასთან დაკავშირებით.
შეხვედრას პროექტის საკონსულტაციო ჯგუფის, IREX-ის საკლასო შეფასების ექსპერტი, სარა ბივერი უძღვებოდა.
უცხოელმა კოლეგამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო არსებული საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ამაღლდეს მასწავლებელთა კომპეტენცია დიფერენცირებული სწავლების მიმართულებით. ვორქშოფი წარიმართა კონკრეტული ინსტრუმენტებისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მოდელირებით. განიხილეს დიფერენცირებასთან დაკავშირებული რეალური შემთხვევები.
სარა ბივერის განცხადებით, დიფერენცირებული სწავლება მნიშვნელოვანია ქართველი მასწავლებლებისთვის, რადგან ეს არის სწავლების იმგვარად ორგანიზება, როდესაც ყველა მოსწავლეს შეუძლია ისწავლოს და განვითარდეს. ,,მასწავლებელს, რომელიც დიფერენცირებულ სწავლებას მიმართავს, სწამს, რომ მოსწავლეთა საჭიროებებზე, მათ ინტერესებზე მორგებული სწავლება ყველა მოსწავლეს მისცემს განვითარების შესაძლებლობას. მცდარია აზრი, რომ ერთ მოსწავლეს შეუძლია სწავლა და მეორეს არა. სწავლა ყველა მოსწავლეს შეუძლია,“ - განაცხადა სარა ბივერმა.
დიფერენცირებული სწავლების მიმართულებით მასწავლებელთა კომპეტენციების ამაღლება მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც კვლევები ადასტურებს, მეთოდოლოგიურად არასწორმა სწავლების დიფერენცირებამ, შეიძლება მოსწავლეთა შორის მიღწევებში განსხვავება კიდევ უფრო გააღრმავოს. სწავლების დიფერენცირება არ გულისხმობს მხოლოდ სხვადასხვა სირთულის დავალების შერჩევას მოსწავლეთათვის, ან მოსწავლეთა ცოდნის დონის მიერ კლასიფიცირებას, ან მრავალრიცხოვან კლასებში ინდივიდუალური დავალებების შედგენას. არამედ ის გულისხმობს, მოსწავლეთა საჭიროებების, ინტერესების, დამოკიდებულებებისა თუ ღირებულებების გათვალისწინებით დაგეგმილ გაკვეთილს, რომელშიც ყველა მოსწავლე ჩართულია.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა პედაგოგებისთვის განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული სწავლების სახელმძღვანელოს შექმნის მიმართულებით. სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა სახელმძღვანელოს სტრუქტურა, რომლის შესახებაც შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და წარმოადგინეს რეკომენდაციები.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
|