განათლებისა და მეცნერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პირველად საქართველოში ახალი ელექტრონული საგანმანათლებლო გაზეთი შექმნა. mastsavlebeli.ge-ს პრეზენტაცია დღეს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს ახალი საგანმანათლებლო პორტალი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წარუდგინა. პრეზენტაციას მინისტრთან ერთად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილიც ესწრებოდა.
ონლაინ გაზეთი სკოლების მასწავლებლებს, დირექტორებს, მშობლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მრავალფეროვან ინფორმაციას მიაწვდის. mastsavlebeli.ge-ზე განთავსდება აუდიო და ვიდეო გაკვეთილები, მასწავლებლების დამხმარე სახელმძღვანელოები, საგაკვეთილო პროცესის ინოვაციურად წარმართვის მეთოდები, პროფესიონალების რჩევები, ბლოგები კითხვების დასმა და პასუხები ონლაინ რეჟიმში და სხვა.
გაზეთის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გაზრდისა და ამ პროფესიის რეგულირების გზაზე, მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესში, ინფორმაციის დროული, საჯარო გზით მიწოდება, განათლების სისტემის ახალი მიზნებისა და სტრატეგიების გაცნობა და მასში საზოგადოების ჩართულობა.
ონლაინ გაზეთის პრეზენტაციას თბილისისა და სხვადასხვა რეგიონების სკოლების მასწავლებლები, დირექტორები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
|