მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მუზეუმმა მასწავლებლებს უმასპინძლა. ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ისტორიის პედაგოგებს მასტერკლასი თემაზე: „სამუზეუმო ექსპონატების გამოყენება მოსწავლეთა კვლევითი უნარჩვევების განვითარებისათვის” ჩაუტარდათ.
მასწავლებლებმა დაათვალიერეს ვაჟა-ფშაველას იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა, გაეცნენ ვაჟას ცხოვრებისა და შემოქმედების ბევრ უცნობ ფაქტს, მწერლის პირადი ნივთების კოლექციას და მისი ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ ილუსტრაციებს.
მუზეუმის წარმომადგენელმა ია ღადუამ, რომელიც ამავდროულად ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია კოლეგებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ იყენებს მუზეუმში არსებულ რესურსებს სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის. მათი გამოყენება ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს მასწავლებლებს, საინტერესო გახადონ სწავლება და ხელი შეუწყონ მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო უნარების, შემოქმედებითობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
|