მოგახსენებთ,
რომ 2017 წლის 16 იანვარს, გაზეთ „კვირის პალიტრაში“ დაიბეჭდა პუბლიკაცია
სამინისტროებისა და სსიპ-ების მიერ გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ.
პუბლიკაცია ეყრდნობა მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ მიერ გამოთხოვილი საჯარო
ინფორმაციის ანალიზს.
გაზეთთან
ინტერვიუში ორგანიზაციის წარმომადგენელი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ზოგი
სამინისტროს ფუნქციები აღრეულია მისსავე დაფუძნებულ სსიპ-ებთან. კერძოდ, საუბარია
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მისს ორ სსიპ-ზე - განათლების
ხარისხის ეროვნული ცენტრსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ
ცენტრზე. მისივე თქმით, აღნიშნული სსიპ-ებისათვის დაკისრებული ფუნქციები თავისუფლად
შეიძლება შეასრულოს ერთმა ორგანიზაციამ.
მიუხედავად
იმისა, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არაა მომხრე
უსაგნო დისკუსიაში შევიდეს ზემოთ მოყვანილი სრულიად აბსურდული მოსაზრების
ავტორთან, ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს საზოგადოების წინაშე, რომლის ინტერესი
მსგავსი საკითხების მიმართ სრულიად ლეგიტიმურია, ამდენად განვმარტავთ:
- ორგანიზაცია „მედიატორის“ წარმომადგენელი
სავარაუდოდ არ იცნობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურასაც კი,
წინააღმდეგ შემთხვევაში ეცოდინებოდა, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარება
არც ერთი მისი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებში არ შედის, ისევე როგორც განათლების
ხარისხის კონტროლი.
- იმისათვის, რომ „მედიატორის“ წარმომადგენელს
შეძლებოდა განსაზღვრა, რამდენად მიზანშეწონილია ცენტრის გაუქმება ან იმსახურებენ
თუ არა ცენტრის თანამშრომლები წახალისებას, სასურველი იქნებოდა დანამატებისა და
პრემიების მოცულობის შესახებ ინფორმაციის გარდა, გამოეთხოვა თუნდაც ბოლო ერთი წლის
მონაცემები, თუ რამდენი მასწავლებელი და რა მიმართულებით გადამზადდა. საზოგადოებას
მოვახსენებთ, რომ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და
კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულებით გადამზადდა 50 829 მასწავლებელი, შეფასების ჯგუფის
წევრი და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. პროფესიული განვითარების
სხვადასხვა ტრენინგი გაიარა 28 935-მა
მასწავლებელმა და სკოლის დირექტორმა. აღნიშნული რიცხვები თავისთავად მეტყველებს
გაწეულ კოლოსალურ სამუშაოზე, რომელსაც ცენტრის უკლებლივ ყველა თანამშრომელი
უდიდესი პასუხისმგებლობით უდგება.
- გარდა ამ აქტივობებისა, ცენტრი ახორციელებს
უმნიშვნელოვანეს მიზნობრივ პროგრამებს, რომლებზეცაა დამოკიდებული მაღალმთიან
რეგიონებში განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა და ასევე, არაქართულენოვანი
სკოლების მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლება. თუნდაც
ეს ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანა სრულიად გასაგებს ხდის ცენტრის ფუნქციონირების
აზრს და მისიას.
- რაც შეეხება მასწავლებლების საგნობრივ (და არა
საატესტაციო) გამოცდებს, მისი შედეგი დამოკიდებულია თვითონ მასწავლებლის მზაობაზე.
ცენტრი ყოველწლიურად უწყობს ხელს საჯარო სკოლების ყველა მასწავლებელს, სახელმწიფო
ბიუჯეტის დაფინანსებით გაიარონ საგნობრივი ტრენინგები და მოახდინონ საკუთარი
ცოდნის აქტივაცია, თუმცა ჩვენ ვემიჯნებით მავანთა მიერ გავრცელებულ მოსაზრებას,
რომ თითქოს ცენტრი არის გამოცდებისათვის მომამზადებელი რეპეტიტორობის ინსტიტუტი და
განვნმარტავთ, რომ მასწავლებელი აკადემიურ ცოდნას იღებს და იღრმავებს უნივერსიტეტში, ხოლო ცენტრის
ფუნქციაა, აღნიშნულ ცოდნას დააშენოს განათლებაში არსებული გამოწვევების შესაბამისი
უახლესი ინფორმაცია, ხელი შეუწყოს ახალი ინოვაციების დანერგვასა და პედაგოგების
კვალიფიკაციის ამაღლებას.
ცენტრი
მიესალმება საბიუჯეტო სახსრების საზოგადოებრივ კონტროლს და აღნიშნული მექანიზმის
გაძლიერებასაც, თუმცა, ამავდროულად მოვითხოვთ, პროცესი მეტად კვალიფიციურად
განხორციელდეს და ნებისმიერი მოსაზრება ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით,
მყარი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე გაჟღერდეს. ცენტრი მომავალშიც
გააგრძელებს მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებასა და
განხორციელებას და დებულებით
გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას, საქართველოს განათლების პოლიტიკის
გამოწვევებიდან გამომდინარე.
|