„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს, აჭარის რეგიონში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სკოლის მართვის ხარისხის დახვეწის მიზნით მასწავლებლებისთვის ტრენინგებს მართავს.
ორდღიან ტრენინგს, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებში ამჟამად ბათუმის, ქობულეთის, ქედას და ხელვაჩაურის მე-7-12 კლასების ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის 500-ზე მეტი პედაგოგი გადის.
მასწავლებელთა გადამზადება ზოგადპროფესიული უნარების კურსის პირველ მოდულში „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“ მიმდინარეობს. აღნიშნული ტრენინგ-მოდული 12 საკონტაქტო საათისგან შედგება და დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი ზოგადპროფესიული უნარების სამი მოდულისა და საგნობრივი მეთოდიკის მოდულისგან შედგება. კურსი თითოეული ნაკადისთვის 9 თვეზეა გაწერილი და მოიცავს ტრენინგზე შეძენილი ცოდნისა და უნარების სასკოლო გარემოში დანერვის ხელშეწყობას.
კურსს სერტიფიცირებული ტრენერები უძღვებიან, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერთა სკოლაში გადამზადდნენ.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ ხორციელდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
|