მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ინიციატივით, მასწავლებებისთვის ორდღიანი კონფერენცია სახელწოდებით “მოსწავლის გამჭოლი კომპეტენციის განვითარება” გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს.
კონფერენციას საჯარო და კერძო სკოლების 100-მდე მასწავლებელი ესწრებოდა. კონფერენციაზე მოხსენებები სხვადასხვა საგნის 59-მა მასწავლებელმა წაიკითხა. მომხსენებლებმა კოლეგებს მათ მიერ მომზადებული თემები წარუდგინეს, მათ შორის წიგნიერების განვითარება; ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარება; ციფრული და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარება; სწავლება კატასტროფების რისკების მართვის შესახებ (მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის); ეკოლოგიური წიგნიერების განვითარება.
ღონისძიებაზე ცენტრის თანამშრომლებმა წარმოადგინეს თემები დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების, ექსპერიმენტებით სწავლებისა და ბუნების შემეცნებაში განათლების როლის შესახებ.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოცხადდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა კონსულტანტებმა შემოსული 300-მდე განაცხადიდან 59 საუკეთესო მოხსენება შეარჩიეს.
|