მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნულმა ცენტრმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის ტრენინგ-მოდულის „სკოლებში
ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ განხორციელება დაიწყო.
ტრენინგების მიმდინარეობას, დღეს, ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი გაეცნო.
ტრენინგზე სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს
საშუალება აქვთ, გაეცნონ ბულინგისა და ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და სახეებს; ოჯახში
ძალადობის სახეებს; სტიგმასა და სტერეოტიპული აზროვნების გავლენას ძალადობასა და ბულინგზე;
ეფექტური კომუნიკაციის, კონფლიქტის მოგვარების გზების ცოდნის მნიშვნელობას ბულინგის
პრევენციისთვის. ტოლერანტობის კულტურის მნიშვნელობას; სკოლაში ძალადობისა და ბულინგის
პრევენციის გზებს; სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს
ბულინგისა და ძალადობის თავიდან ასაცილებლად; ალბერტ ბანდურას სოციალურ - კოგნიტური
თეორიის ზოგად პრინციპებს.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, მასწავლებლებს
შეეძლებათ ბულინგისა და ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, ასევე, საკლასო ოთახში,
სკოლასა და საზოგადოებაში ბულინგის პრევენციის ხელშეწყობა.
მთლიანობაში ამ ეტაპზე 334 პედაგოგი გადამზადდება.
ამჟამად ტრენინგი უკვე გაიარა 175-მა მასწავლებელმა.
აღსანიშნავია, რომ ბულინგისა და ძალადობის კომპონენტი
აქამდე მხოლოდ სხვადასხვა ტრენინგების შემადგენელი ნაწილი იყო, თუმცა საკითხის უდიდესი
მნიშვნელობიდან გამომდინარე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სრულიად ახალი ტრენინგ-მოდული სამოქალაქო
განათლების მასწავლებლებისთვის. ტრენინგ-მოდულის შექმნის მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლაში
ბულინგის პრევენციას და ტოლერანტული კულტურის განვითარებას.
|