„არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის” ფარგლებში, ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს,
რომელსაც პროგრამის ორენოვანი, დამხმარე მასწავლებლები გადიან. აღნიშნული
მასწავლებლები პროგრამისთვის კონკურსის წესით არიან შერჩეული და უნივერსიტეტში
სწავლის პერიოდში გავლილი აქვთ „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა“.
ტრენინგის მონაწილეები, როგორც ორენოვანი პირები, მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, იმ მასწავლებლების გადამზადებაში ჩაერთვებიან, რომლებმაც ქართული ენის კურსის გავლის შედეგად, ქართული ენის ფლობა A2 დონეზე დაადასტურეს. აღნიშნული მასწავლებლები ტრენინგ-მოდულს - „სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა და შეფასება“ ქართულ ენაზე გაივლიან, თუმცა ენობრივი ბარიერის შექმნის შემთხვევაში, ფასილიტატორები მათ დახმარებას უზრუნველყოფენ.
ამ ეტაპზე, "არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის" ფარგლებში, 23
ფასილიტატორი გადამზადდება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი 2016 წლიდან ახორციელებს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამას, რომელიც მოიცავს გასულ წლებში განხორციელებულ პროგრამებს: "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" (2009-2015წწ) და "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" (2011-2015წწ). პროგრამის მიზანია არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერების გზით.
|