მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ტექნოპარკში, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მესამე კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს.
კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.
საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციაში 200 პედაგოგი და სპეციალისტი მონაწილეობს, ხოლო მოხსენებები ხუთი თემატური მიმართულებით არის დაგეგმილი:
• სწავლა-სწავლება ციფრულ ეპოქაში - მიმართულება მოიცავს ტენოლოგიების სასწავლო გარემოში ინტეგრირების ნებისმიერ ასპექტს, ინოვაციურ მიდგომებს, მიმდინარე ტენდენციებს, სწავლა-სწავლებაში ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო გამოცდილების მაგალითებს, ისტ სტანდარტების ინტეგრირებისა და სკოლაში ისტ-ის დანერგვის სტრატეგიებს და ა.შ.
• პროფესიული განვითარება - მოიცავს მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციისა თუ საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული სხვა პირების უნარების განვითარებას, ციფრული ეპოქის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად.
• მენეჯმენტი და ლიდერობა ისტ-ის დახმარებით - მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებში ტექნოლოგიების როლის შესახებ ხედვის ჩამოყალიბებასა და განვითარებას სხვადასხვა დონეზე; საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, შეფასებასა და პერსონალის ხელშეწყობას ისტ-ის დახმარებით.
• კვლევები სწავლა-სწავლებაში ისტ-ის გამოყენებაზე - მოიცავს კვლევებს საგანმანათლებლო სივრცეში ტექნოლოგიების ინტეგრირების შესახებ.
• ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა - მოიცავს იმ ტექნოლოგიების, რესურსებისა და სტრატეგიების გაცნობას, რომელიც საჭიროა ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისა და ადმინისტრირებისთვის.
კონფერენციაში დარგის ექსპერტები და ტრენერები, ასევე სკოლების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
კონფერენციის სპონსორები და მხარდამჭერები არიან ინტელი, მაიკროსოფტი, ლიბერთი ბანკი და ლენოვო.
2-დღიანი კონფერენციის ფორმატი მრავალფეროვანია და შედგება:
ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების პლენარული მოხსენებებისგან - კონფერენციის ყველა მონაწილე ერთ სივრცეში მოიყრის თავს, საერთაშორისო და ადგილობრივი მოწვეული ექსპერტების მოსასმენად, რომლებიც აუდიტორიას საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ყველაზე მნიშვნელოვან თემებს და პრაქტიკას გაუზიარებენ.
პოსტერების სესიისგან - 20 ნოემბერს პოსტერების სესია სპეციალურად გამოყოფილ საგამოფენო დარბაზში გაიმართება. პოსტერის ავტორი სკოლის ან ცალკეული მასწავლებლისა თუ წარმატებული პროექტის შესახებ წარმოადგენს ინფორმაციას. პოსტერების სესია საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენას და გაზიარებას ისახავს მიზნად. სესიაზე ავტორს მონაწილეებთან პირისპირ ან მცირე ჯგუფებში ინტერაქციის შესაძლებლობა ექნება.
ტექნოლოგიების გამოფენისგან - კონფერენციის მონაწილეები შეძლებენ ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორიების დათვალიერებას. კომპანიები, ერთი მხრივ წარმოადგენენ შესაძლებლობლობებს, რასაც ტექნოლოგიები განათლების სფეროს სთავაზობს, მეორე მხრივ კი ისინი მიიღებენ უკუკავშირს სკოლების საჭიროებათა შესახებ. გამოფენაზე ორგანიზებული იქნება პრაქტიკული აქტივობები დაინტერესებული პირებისთვის კონკრეტული ტექნოლოგიის გასაცნობად.
დაჯილდოებისგან, რომელიც 20 ნოემბერს, კონფერენციის დახურვისას გაიმართება. ღონისძიებაზე კონფერენციის მონაწილეებს სხვადასხვა ნომინაციებში სპონსორები პრიზებით დააჯილდოებენ.
გასული წლების გამოცდილების გათვალისწინებითა და კონფერენციის ორგანიზატორების პროგნოზით, კონფერენცია ხელს შეუწყობს სასწავლო პროფესში ტექნოლოგიების გამოყენების ახალი სტრატეგიების ჩამოყალიბებას და განვითარებას მასწავლებლების მიერ; სკოლების ხელმძღვანელები კი მიიღებენ უფრო მეტ ინფორმაციას, თუ როგორ შეიძლება მოსწავლეების სასწავლო შედეგების გაუმჯობესება ტექნოლოგიების საშუალებით, ასევე როგორ უნდა დაინერგოს და ხელი შეეწყოს ციფრული კულტურის დამკვიდრებას სკოლაში; ისტ-ის მენეჯერები მიიღებენ ინფორმაციას სკოლის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობების შესახებ; უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სწავლა-სწავლების საჭირო უნარების თაობაზე უახლეს მიმართულებებს და ინიციატივებს; კომპანიები კი ინფორმაციას მიიღებენ სკოლის საჭიროებებისა და გამოწვევების, ისტ-ის საკლასო ოთახში გამოყენების უახლესი ტენდენციების, ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვთარების სტრატეგიებისა და მოდელების შესახებ.
საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია ყოველწლიურად იმართება. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის სპეციალურად შექმნილია ვებგვერდი getc.ge, რომელზეც რეგისტრაცია ხორციელდება.
|