1 აგვისტოს, 9:00 საათზე, იორდანიის განათლების მინისტრი და ვიცე-პრემიერი მოჰამად თნეიბათი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის გაცნობისა და გაზიარების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ეწვევა.
ცენტრის ხელმძღვანელობა იორდანიის დელეგაციას ამ მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, კერძოდ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას, ასევე, რეფორმის განხორციელების პროცესში ცენტრის ფუნქციებსა და საქმიანობას გააცნობს. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან. სამუშაო შეხვედრები გაიმართება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრსა და აჭარის განათლების სამინისტროში.
ვიზიტის მიზანია საქართველოს განათლების რეფორმის პროცესის შესწავლა, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით განხორციელებული პოლიტიკური კურსების გაცნობა და შეფასება, აღნიშნული რეფორმების პროცესში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის როლისა და ფუნქციების გაცნობა, ასევე, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისა და მისი კომპონენტების გაცნობა. იორდანიის განათლების მინისტრის განცხადებით, მისი სურვილი იყო განათლების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკისა გაზიარება, რის შემდეგაც მიიღო გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) რეკომენდაცია, გაცნობოდა საქართველოს გამოცდილებას. |