მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების პოლიტიკის გაცნობისა და გაზიარების მიზნით, საქართველოში იორდანიის მაღალი
რანგის დელეგაცია ჩამოვიდა. დელეგაციას იორდანიის ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი
მოჰამად თნეიბათი ხელმძღვანელობს. ვიზიტის მხარდაჭერას გაერთიანებული ერების განათლების,
მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) ახორციელებს.
დელეგაციას ერთი კვირის
განმავლობაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან
ალექსანდრე ჯეჯელავასთან. სამუშაო შეხვედრები გაიმართება შეფასებისა და გამოცდების
ეროვნულ ცენტრში, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრსა და აჭარის განათლების სამინისტროში.
ვიზიტის დაწყებამდე, იორდანიის განათლების სამინისტროს მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ
წერილში აღნიშნული იყო, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების რეფორმების მიმართულებით
საქართველო ცნობილია, როგორც ერთ-ერთი გლობალური ლიდერი. "საქართველოში მიმდინარე
რეფორმების გაცნობა მტკიცედ მირჩია იუნესკომ, რადგან ჩვენი ქვეყნების განათლების სისტემებს
შორის ბევრი საერთოა. ამჟამად იორდანიაში ვავითარებთ საკმაოდ ზუსტ საგანმანათლებლო
გეგმას, ამიტომაც ვიკვლევთ საქართველოს საუკეთესო პრაქტიკას და გამოცდილებას პროფესიული
განათლების, გამოცდების, მასწავლებელთა გადამზადების მიმართულებით. იმედი მაქვს ეს
ვიზიტი იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და თანამშრომლობის დასაწყისი
განათლების სფეროში" - აღნიშნა იორდანიის განათლების მინისტრმა.
ვიზიტის მიზანია
საქართველოს განათლების რეფორმის პროცესის შესწავლა, საქართველოს განათლების სამინისტროს
მიერ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით განხორციელებული პოლიტიკური
კურსების გაცნობა და შეფასება, აღნიშნული რეფორმების პროცესში მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის როლისა და ფუნქციების გაცნობა, ასევე, მასწავლებლის
საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისა და
მისი კომპონენტების გაცნობა.
|