მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“-ს მიერ ინიცირებული, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, მასწავლებლებისთვის განკუთვნილი, “მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების” გრძელვადიანი ხუთკრედიტიანი ზოგადპროფესიული უნარების კურსის პირველი მოდულის - „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“ (12 საათი) - საპილოტე ტრენინგები დაიწყო.
პილოტირების მთავარი მიზანია შექმნილი მოდულების პრაქტიკაში გამოცდა და საჭიროებისამებრ ადაპტირება. სატრენინგო პროცესის მონიტორინგი და შეფასება ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ ხორციელდება. პილოტის შემდეგ, ტრენინგის პროცესის განხილვა ფოკუს-ჯგუფებში გაგრძელდება, შედეგად კი ტრენინგ-მოდულის და საკითხავი მასალის საბოლოო ვერსია ჩამოყალიბდება.
პილოტის დასრულების შემდეგ, პროექტი ტრენერთა ტრენინგებს დაიწყებს და შეარჩევს ამ კონკრეტული მოდულის ჩასატარებლად ტრენერებს.
მასწავლებლებისთვის ტრენინგები 2016 წლის შემოდგომიდან დაიწყება და მას 2019 წლამდე, ეტაპობრივად, საჯარო სკოლების ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის მე-7-12 კლასების ყველა მოქმედი მასწავლებელი გაივლის. აღნიშნულ პროცესში 20 000-მდე მასწავლებელი ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში, ტრენინგში მონაწილეობის საშუალება ექნებათ უმცირესობების წარმომადგენელ პედაგოგებსაც, რომლებისთვისაც საგანგებოდ ითარგმნდება სატრენინგო მასალა და გადამზადდებიან რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი ტრენერები.
პირველ ეტაპზე პედაგოგები მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ზოგად უნარებში გადამზადდებიან, ხოლო 2017-2018 წლებში მათ “აქტიური სწავლების” მიმართულებით საგნობრივი მეთოდიკის მოდულების გავლის შესაძლებლობა მიეცემათ. პროექტის ფარგლებში, საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგების სწავლების პროცესში ლაბორატორიების ეფექტურად გამოყენების ხელშესაწყობად, იგეგმება „ლაბორატორიის“ ტრენინგი, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება - პირველ ეტაპზე, ტრენინგები ლაბორატორიის გამოყენებასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს ითვალისწინებს. აღნიშნული პროცესის მდგრადობისთვის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელშეწყობით მზადდება მასალა და გადამზადდებიან ტრენინგების ტრენერები უცხოელი კონსულტანტების მიერ 2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისისთვის.
აღნიშნული ტრენინგებში მონაწილეობა, მასწავლებლებს, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში კრედიტ ქულების დაგროვების საშუალებას მისცემს, რაც მათ პროფესიულ წინსვლასა და კომპეტენციის ზრდას შეუწყობს ხელს.
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული, 140-აშშ დოლარის მილიონიანი მეორე კომპაქტის ფარგლებში, 2016 წლიდან ამოქმედდა. პროექტის ინიციატორია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ და ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განათლების სპეციალისტებისა და ექსპერტების კვალიფიციური გუნდის მიერ. პროექტის ტექნიკურ და საექსპერტო მხარდაჭერას საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) საკონსულტაციო ჯგუფი ახორციელებს.
|