მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მოსწავლეთა ნახატების კონკურსში - „ჩემი მასწავლებელი“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ნახატების კონკურსი, ცენტრის ინიციატივით, ორი თვის წინ გამოცხადდა და მისი მიზანი იყო მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია. კონკურსანტებს უნდა შეექმნათ ნახატი მასწავლებლისა და მისი საქმიანობის შესახებ. კონკურსში 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო. გამარჯვებულები სოციალურ ქსელში ე.წ. „მოწონებების“ საშუალებით გამოვლინდნენ.
სოციალური ქსელის მომხმარებელთა შეფასებების შედეგად, პირველ ადგილზე გავიდა მარიამ ელიოზაშვილი, გორის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე. მეორე ადგილი დაიკავა გვანცა ალიმბარაშვილმა, გორის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ, ხოლო მესამე ადგილი ერგო მაია ფატარიძეს, გორის N7 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეს.
ღონისძიებაზე, ასევე, მოწვეულნი იყვნენ სოციალური ქსელით გამოვლენილი 40 საუკეთესო ნახატის ავტორები, მათი მასწავლებლები და მშობლები. ასევე, დასახელდა ცენტრის რჩეული ავტორი - მარიამ ჯვარიძე, ბორჯომის N3 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე.
კონკურსის გამარჯვებულები ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა დააჯილდოვა და საჩუქრად შემეცნებითი ლიტერატურა და საოჯახო ტექნიკა გადასცა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზანია ამ ტიპის კონკურსებით და პროცესში მოსწავლის უფრო აქტიური ჩართვით, ხელი შეეწყოს მასწავლებლის საქმიანობის პოპულარიზაციას და პრესტიჟის ზრდას სასკოლო სივრცესა და საზოგადოებაში.
|