განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა N 52 საჯარო სკოლაში
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის განკუთვნილი პროფესიული განვითარების კურსი
გახსნეს.
კურსს ეტაპობრივად 6200
პრაქტიკოსი მასწავლებელი გაივლის, რომელმაც მიმდინარე წელს საგნის გამოცდა
ჩააბარა. ამჟამად კურსზე დარეგისტრირებულია 1500-ზე მეტი პრაქტიკოსი.
ტრენინგების ციკლის პირველი ნაწილი ორიენტირებულია პროფესიული უნარების გაღრმავებაზე და ორი მოდულისგან შედგება, კერძოდ:
·
ინკლუზიური განათლება
·
თანამედროვე მიდგომები სწავლებასა და შეფასებაში
კურსის პირველი ეტაპის ამოცანაა მასწავლებელმა გამოიმუშაოს
ახალი პროფესიული უნარ-ჩვევები და განაახლოს საკუთარი ცოდნა როგორც ინკლუზიური
განათლებისა და თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიმართულებით,
ასევე გააცნობიეროს და სწავლების პროცესში დანერგოს კონსტრუქტივიზმის პრინციპები,
გაეცნოს და გამოიყენოს სწავლების ახალი თეორიები და ეფექტიანი სტრატეგიები, ასევე
დანერგოს მოსწავლის შეფასების თანამედროვე მეთოდები.
კურსის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ პრაქტიკოს მასწავლებელს შესაძლებლობა მიეცემა დარეგისტრირდეს კურსის მეორე ნაწილზე, რომელიც ორიენტირებულია საგნობრივი მეთოდიკის გაუმჯობესებისა და ცოდნის აქტივაციისკენ.
პროფესიული განვითარების კურსი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში ხორციელდება. კურსის გავლა ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
|