განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგებს კიდევ ერთ კონკურსს სთავაზობს. ცენტრის ინტერნეტ-გაზეთი mastsavlebeli.ge ელექტრონული წიგნების მაღაზია lit.ge-თან ერთად კონკურსს საგანმანათლებლო პროექტის შექმნაზე აცხადებს.
კონკურსში სახელწოდებით „მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განვითარების საგანმანათლებლო პროექტი“ მონაწილეობის მიღება ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია. წარმოდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს საგანმანათლებლო ინიციატივას ან ღონისძიებას, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განვითარებას, დააახლოვებსმათ წიგნთან და შეაყვარებს კითხვას.
საკონკურსო მასალა რამდენიმე ნაწილისგან უნდა შედგებოდეს:
- შესავალი
- აღწერა
- მიზანი
- განხორციელების გზები და საშუალებები
გამარჯვებული პროექტის ავტორს გადაეცემა ქართულენოვანი ელექტრონული წიგნი „იოტა რიდერი“ და ჟურნალ „მასწავლებლის“ ერთწლიანი უფასო ხელმოწერა. მასალები მიიღება 2012 წლის 8 აპრილიდან 2012 წლის 30 აპრილის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე info@mastsavlebeli.ge.
კონკურსის მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განვითარება, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებადა მასწავლებლების ხელშეწყობა სკოლებში წიგნიერების გარემოს შექმნის ორგანიზებაში.
|