მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ინკლუზიური
განათლების ტრენინგები დაიწყო. ტრენინგები განკუთვნილია საჯარო სკოლის
პედაგოგების, სპეციალური პედაგოგების, ინკლუზიური განათლების კოორდინატორების,
ფსიქოლოგების, მეტყველების თერაპევტების, სკოლის ადმინისტრაციისა და ნებისმიერი
სხვა სპეციალისტისთვის, რომლის პროფესიული საქმიანობა უკავშირდება სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებას.
20-საათიანი ტრენინგ-კურსი მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო კლასში
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინტეგრაციისთვის საჭირო
უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მეთოდური ცოდნის გადაცემას ზემოაღნიშნული
სპეციალისტებისთვის.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა სსსმ მოსწავლის პედაგოგიური შეფასება; სწავლების ეფექტური სტრატეგიები; საგაკვეთილო
პროცესის დაგეგმვა და მასალის ადაპტაცია; ინდივიდუალური სასწავლო გეგმა;
ინკლუზიური განათლების ფილოსოფია; კლასის მართვა; რთული ქცევის მენეჯმენტი; განვითარება
და განვითარების დარღვევები. აღნიშნულ
თემების განხილვის პარალელურად ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან პრაქტიკულ
მაგალითებს.
ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში და დასრულებისას, ტესტირებისა და
პრაქტიკული დავალების საფუძველზე მოხდება მონაწილეთა შეფასება. შეფასების პროცესი
უზრუნველყოფს ტრენინგის ხარისხიან განხორციელებას.
ტრენინგ-კურსი
საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და მას 1500-მდე დაინტერესებული პირი გაივლის.
|