საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2011 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავდა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების ახალი სტრატეგია. ახალი სტრატეგიის ფარგლებში ქართული ენის შესასწავლად სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში, ეროვნული უმცირესობებისთვის სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება, რომელიც მოიცავს, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებას.
სტრატეგიას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ფარგლებში.
პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ითვალისწინებს სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერებაზე მიმართულ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა ქართული ენის სწავლების თანამედროვე სასწავლო მასალების შექმნა, ყველა არაქართულენოვან სკოლაში ბილინგვური სწავლების დანერგვა, მასწავლებელთა გადამზადება, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში პედაგოგების გაგზავნა და ა.შ.
პროგრამაში უკვე რამდენიმე ასეული მოხალისე პედაგოგია ჩართული, რომლებიც ერთი აკადემიური წლის მანძილზე ცხოვრობენ და წარმატებით ასწავლიან ქართულ ენას ეთნიკურ უმცირესობებს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იწყებს პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა ახალი ნაკადის რეგისტრაციას, რომლებიც რეგიონებში 2012 წლის 10 სექტემბრიდან 2013 წლის 15 ივნისამდე იმუშავებენ.
პროგრამაში ჩართვა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა და ფლობს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მინიმუმ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს. პროგრამის მონაწილე მიიღებს ყოველთვიურ ხელფასს. ამას გარდა, ბაკალავრის ხარისხის მქონე ახალგაზრდები, პროგრამაში მონაწილეობისა და მაგისტრატურის გამოცდების წარმატებით დაძლევის შემდეგ, მიიღებენ სახელმწიფო სამაგისტრო გრანტს. პროგრამის მონაწილეები იცხოვრებენ ადგილობრივ ოჯახებში და რეგიონში დარჩებიან ერთი აკადემიური წლის მანძილზე. სკოლაში გაგზავნამდე, ყველა მონაწილე გაივლის სპეციალურ მომზადებას პედაგოგიკის პრინციპებში.
მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდება 2012 წლის 20 ივნისს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონიშნული (*) ველების შევსება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროგრამაში რეგისტრაციას ვერ გაივლით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, გამოჩნდება წარწერა ,,რეგისტრაცია წარმატებით დასრულდა ”.
პირველ ეტაპზე, დარეგისტრირებულ კანდიდატები, რომელთა მონაცემებიც შეესაბამება პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილ მოთხოვნებს, გაივლიან ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ტესტირების წარმატებით დაძლევის შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება.
დარეგისტრირდი |