მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარების თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, რომელთა შორის საერთაშორისო ექსპერტებიც არიან, პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადების პროგრამის შინაარსზე იმსჯელეს.
აღნიშნული პროგრამა ეფუძნება პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადებისა და განვითარების კონცეფციას, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის დეკემბერში იქნა მოწონებული.
მასწავლებელთა მოსამზადებელი პროგრამა პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის პედაგოგიური კურსის შეთავაზებას გულისხმობს. პროგრამა ასევე მოიცავს სწავლების მეთოდებს ზრსდასრულებისთვის, სასწავლო-პრაქტიკული გარემოს მოწყობას, სტუდენტთა შეფასების მეთოდებს, საკუთარ პროფესიული განვითარებაზე ზრუნვას და სწავლის თეორიას.
პედაგიგური კურსი სავალდებულოა პროფესიული განათლების მასწავლებლობის მსურველთათვის, ხოლო მოქმედი მასწავლებლები კურსს საქმიანობის პარალელურად გაივლიან.
მოქმედი მასწავლებლებისთვის კურსი შეთავაზებული იქნება სხვადასხვა ფორმით. მათ შორისაა პირისპირ ტრენინგები და ელექტრონული კურსი.
მასწავლებელთა განვითარების თემატური ჯგუფი ერთ-ერთია იმ ცხრა თემატურ ჯგუფს შორის, რომელიც შეიქმნა და მხარდაჭერილია ევროკავშირის პროფესიული განვითარების პროექტის მიერ. თემატური ჯგუფის მიზანია განათლების მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებების მიმართულებით მუშაობა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, ასევე, პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა.
თემატური ჯგუფის წევრები არიან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული კოლეჯების, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
|