მოსწავლეები საზაფხულო ბანაკში ქართული ენის ცოდნის დონესთან ერთად სამოქალაქო ცნობიერებას იმაღლებენ და მულტიკულტურულ საკითხებს ეცნობიან. გარდა ამისა, სასწავლო პროგრამაში შედის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სიმღერა, ცეკვა, საკომუნიკაციო უნარები და სპორტი.
პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ საზაფხულო ბანაკებს ყოველწლიურად ხსნის. წელს ბანაკმა ორ ჯგუფს უმასპინძლა.
პროგრამის მენეჯერისა და მასწავლებლების განცხადებით, ბანაკში გატარებული პერიოდი განსაკუთრებით უწყობს ხელს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების დაახლოებას და სოციალური ინტეგრაციის პროცესის გაუმჯობესებას.