მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში კონსულტანტ-მასწავლებლების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. კონკურსანტებმა დღეს გასაუბრების ეტაპი გაიარეს.
კონკურსის ფარგლებში 148 ვაკანსიაზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული 14 საგნის სპეციალისტი შეირჩევა. შერჩეული კანდიდატები აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის საჯარო სკოლებში განაწილდებიან.
აღნიშნული კონსულტანტ-მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობა იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი საგნის სწავლება, არაფორმალური სწავლების ხელშეწყობა, რაც მოიცავს საგნობრივი წრის შექმნას, დამატებითი გაკვეთილის ჩატარებას, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტებისა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას. გარდა ამისა, კონსულტანტ-მასწავლებელმა უნდა იზრუნოს როგორც საკუთარ, ისე ადგილობრივი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე.
კონკურსის მონაწილე უნდა იყოს მინიმუმ ბაკალავრი და უნდა ჰქონდეს მასწავლებლის სერტიფიკატი შესაბამის საგანში ან 60-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში დასაქმების შემთხვევაში პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელი სავალდებულოა ფლობდეს რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენას.