ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ ეთნიკური უმცირესობის
წარმომადგენელ მეოთხე კურსის სტუდენტებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა
ცენტრმა პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ წარუდგინა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა
აბულაძემ, მიზნობრივი პროგრამების სამსახურის უფროსმა ნინო გორდეზიანმა და პროგრამის
მენეჯერმა თამარ კეკელიძემ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს პროგრამის
მიზნები და მასში მონაწილეობის უპირატესობები გააცნეს.
პროგრამის მიზანია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლების ხარისხის
გაუმჯობესება არაქართულენოვან სკოლებში; ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების
სკოლებში ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლების პროფესიული
განვითარების მოტივირება და ხელშეწყობა; ეთნიკური, კულტურათაშორისი და საზოგადოებრივი კავშირების
განმტკიცება, ასევე ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებს, რომლებიც ფლობენ ქართულ ენას, შესაძლებლობა
ეძლევათ პროგრამაში ჩაერთონ დამხმარე მასწავლებლის სტატუსით და ადგილობრივ მასწავლებლებთან
ერთად წარმართონ საგაკვეთილო პროცესი.
პროგრამაში მონაწილეობის პერიოდში დამხმარე მასწავლებლები მიიღებენ ყოველთვიურ
ანაზღაურებას, ხოლო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრატურის საფეხურზე ისინი უზრუნველყოფილნი
იქნებიან სახელმწიფო-სასწავლო გრანტით.
უახლოეს მომავალში პროგრამის ფარგლებში გამოცხადდება დამხმარე მასწავლებლების
ახალი ნაკადის შესარჩევი კონკურსი. ამ დრომდე პროგრამაში ჩართული იყო 600-ზე მეტი მონაწილე.
შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის; ილიას უნივერსიტეტის; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო
უნივერსიტეტის; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა.
|