სასერტიფიკაციო გამოცდებამდე ერთი თვით ადრე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ქუთაისელ მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, თბილისის მასწავლებლის სახლიდან ქუთაისის მასწავლებლის სახლში პირდაპირი ჩართვის ფორმატით გაიმართა.
ქუთაისელმა მასწავლებლებმა საუბრისას ყურადღება ისეთ საკითხებზე გაამახვილეს, როგორიცაა: სასერტიფიკაციო გამოცდები, საგამოცდო ტესტები, მოსამზადებელი ტრენინგები, სერტიფიცირებული მასწავლებლების სახელფასო დანამატი, საატასტატო და მისაღები გამოცდების ახალი ფორმატი ე.წ. 8+1 და სხვ. ონლაინ შეხვედრას სხვადასხვა საგნების პედაგოგები ესწრებოდნენ.
თბილისისა და ქუთაისის მასწავლებლის სახლებში უკვე რამდენიმე თვეა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ინტენსიური ტრენინგები მიმდინარეობს. სასერტიფიკაციო გამოცდებზე წელს 41 ათასი პედაგოგი დარეგისტრირდა. ტრენინგების გავლა პროფესიულ უნარებსა და ყველა საგამოცდო საგანში ნებისმიერ მსურველს შეუძლია. |