თელავის პროფესიულ კოლეჯის - „პრესტიჟის“ პედაგოგებმა „ინტელი“-ს სასწავლო პროგრამის ტრენინგი გაიარეს. სპეციალური კურსი სახელწოდებით ,,პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება“ სწავლების პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას ეთმობოდა.
დასკვნით პრეზენტაციაზე, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, კოლეჯის პედაგოგებმა ინდივიდუალურად წარმოადგინეს საგნობრივი პრეზენტაციები, რომელთა განხილვასა და შეფასებაში აქტიურად იყო ჩართული სამუშაო ჯგუფის თითოეული წევრი.
მონაწილეების მიერ მომზადებული ციფრული რესურსები ხელს შეუწყობს ქართულენოვანი სასწავლო მასალის გამდიდრებას, არსებული კომპიუტერული ლაბორატორიის მიზანმიმართულად და გეგმიურად სასწავლო პროცესში გამოყენებას. ტრენინგიდან მიღებული ცოდნა და გამოცდილება გააუმჯობესებს სასწავლო პროცესს და სტუდენტებს ჩამოუყალიბებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2011 წლიდან ახორციელებს პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა სისტემურ ტრენინგებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ისტ), რომელთა მიზანი მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების გზით სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაა. |