მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროგრამაზე „ასწავლე საქართველოსთვის“ რეგისტრაცია დაიწყო. სპეციალური განცხადება ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა, გია მამულაშვილმა გააკეთა. 23 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით დაინტერესებულ პირს შეუძლია ცენტრის ვებგვერდზე www.tpdc.ge რეგისტრაცია გაიარონ. კონკურსში მონაწილეობის მიღება უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული რომელიმე საგნის სპეციალისტია.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველ პირებს ეძლევათ საშუალება:
- დასაქმდნენ მაღალმთიანი რაიონის სკოლაში;
- ხელფასთან ერთად მიიღონ დანამატი;
- დაუფინანსდეთ სწავლა მაგისტრატურაში;
- ისარგებლონ ჯანმრთელობის დაზღვევით;
- შეიძინონ პროფესიული გამოცდილება;
- ჩაერთონ საგანმანათლებლო ტრენინგებსა და კონფერენციებში
2013 წლიდან პროგრამის მონაწილე მასწავლებლებს ხელფასი საშუალოდ 200 ლარით გაეზარდათ. პედაგოგთა მიღება ცხადდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, დაწყებითი განათლება, ისტორია, გეოგრაფია, რუსული ენა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა.
პროგრამის „ასწავლე სქართველოსთვის“ მიზანია საქართველოს შორეული და მაღალმთიანი რაიონების სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
|