პროგრამის “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მონაწილე უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს, რომელთაც წარმატებით დაასრულეს 2012-2013 სასწავლო წელი, სერტიფიკატები გადაეცათ. მადლობის სიგელები და მედლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ორ საუკეთესო უცხოელ პედაგოგს გადასცა. ღონისძიებაში მონაწილებას იღებდნენ როგორც ინგლისურენოვანი, ასევე, ჩინურენოვანი მოხალისეები. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგლენლები.
პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ 2010 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოხალისე მასწავლებლები ჩამოდიან და საქართველოს საჯარო სკოლებში ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად, ინგლისურ და ჩინურ ენებს ასწავლიან.
ამჟამად, პროგრამაში 152 ინგლისური ენის უცხოელი მოხალისე მასწავლებელი და 10 ჩინური ენის ჩინელი მოხალისე მასწავლებელია ჩართული. ზაფხულის განმავლობაში, ინგლისურენოვანი მოხალისე მასწავლებლების მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებებში მივლინება იგეგმება. |